ინტერვიუ ექს–პრემიერის ყოფილ მრჩეველ გია ხუხაშვილთან » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
- ბატონო გია, რამდენად პასუხობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია და პროგრამა პარტიისა და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს?

- სია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს არჩევნები ისევ და ისევ რესურსების ბრძოლაა და არა სიებისა და ლიდერების. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მანკიერი წრიდან ვერ გამოვედით. ვხედავთ, რომ ხდება რესურსების მობილიზება- მატერიალურის, ადმინისტრაციულის, მედიარესურსის. ტელევიზიები რაღაც ძალიან უცნაურად ჯგუფდებიან.

რაც შეეხება საკუთრივ სიას, უკვე ვთქვი, რომ ეს არ არის გადამწყვეტი, მაგრამ „ქართული ოცნების“ სიაში 10–დან სულ მცირე, 6 წევრია ისეთი, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას ვუსურვებ, არ აქვთ არც ცნობადობა, არც საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის გამოცდილება, არც შესაბამისი უნარები. ეს პარტიისთვის, რა თქმა უნდა, მინუსია. შესაბამისად, თუ პოლიტიკური მოღვაწეობისთვის ამ მნიშვნელოვანი პარამეტრებით შევადარებთ „ქართული ოცნების“ პირველ ათეულს სხვა პარტიებისას, იგი ნამდვილად სუსტად გამოიყურება. გასაგებია, რომ დებატებში პრემიერ–მინისტრი არ მონაწილეობს, არც კახი კალაძე, მაგრამ დანარჩენები, ლოგიკის მიხედვით, პარტიებთან დებატებში უნდა შედიოდნენ. თუმცა მათ ამის გამოცდილება არ აქვთ და, შესაბამისად, შანსი იმისა, რომ სუსტად გამოჩნდებიან, მაღალია.

რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, იგი პლაკატურია და კითხვის ნიშნებს აჩენს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ამ პროგრამით ეპასუხა იმ ძირითადიკითხვებისთვის, რომელიც საკუთარ არჩევანზე ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს აწუხებს. მათ შორის პირველი უმუშევრობაა, და მმართველმა ძალამაც გამოაცხადა 200 000 სამუშაო ადგილი. თუმცა ჩემი აზრით, მან სუსტად განმარტა, საიდან უნდა მოვიდეს ეს 200 000 სამუშაო ადგილი. ასე, მაგალითად, ერთ–ერთ მუხლში ნათქვამია, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დამატებით 50 000 კაცი დასაქმდება... ამდენი ადამიანის დასაქმებას დამატებით დაახლოებით 2,5 მილიარდის ინვესტიცია სჭირდება! გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბიუჯეტის პრეროგატივაა, საინტერესოა, სად არის ბიუჯეტში ეს თანხები გათვალისწინებული? დამატებით საიდან იქნება ეს სამუშაო ადგილები? ამდენად, რაღაც უცნაურობასთან გვაქვს საქმე და არა მხოლოდ ამ მუხლში. როდესაც მოგების გადასახადის რეფორმირებაზეა საუბარი, ეს ზოგადად, კი ბატონო კარგია, მაგრამ როგორ კონვერტირდება ეს ყველაფერი 50 000 სამუშაო ადგილში, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულ კითხვებს ბადებს. ასე პლაკატურად ცდილობენ ვიღაცის გულის მოგებას, საკმაოდ სუსტი არგუმენტებით.

თუმცა ამაზე მეტად სხვა რამაა შემაშფოთებელი: როდესაც ეს ყველაფერი საათნახევრის განმავლობაში ოთხი ტელევიზიის ეთერში გადაიცემა, ჩნდება კითხვები ამ ტელევიზიების მიმართ. რა სურათი მივიღეთ და ხომ არ ჰგავს ეს ყველაფერი იმას, რასაც მიშა სააკაშვილი აკეთებდა 2012 წლის არჩევნების წინ, როდესაც მაქსიმალური კონტროლი დააწესა და კარტელი შექმნა ტელევიზიებისგან? რაღაც ანალოგიური ხომ არ ხდება დღესაც?

- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რა პრობლემა აქვს მმართველ გუნდს: დაშორდა ხალხს, ვერ აცნობიერებს ვითარებას,საჭირო მესიჯების ფორმულირების აუცილებლობას, თუ უნარი არ აქვს ამის? რასთან გვაქვს საქმე?

- ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. უპირველესად, რეალური ლიდერების დეფიციტს განიცდის. ეს ხალხი სხვის რესურსებზე დგას და მისი იმედი აქვს. ეს არის ყველაზე ცუდი. შესაბამისად, ვერ ვითარდებიან, ვერ გამოიმუშავეს გადაწყვეტილების მიღების, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარები. კრეატივთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. თუმცა მათი მთავარი კოზირი სხვისი სისუსტეა. ხელისუფლება არ ცდილობს, თქვას, რომ ის არის კარგი - ამბობს, „კი ბატონო, არ ვარ კარგი, მაგრამ სხვებს ხომ ხედავთ? - ისინი უარესები არიანო“. ამ არგუმენტში არ შეიძლება, არ დაეთანხმო. ხელისუფლებას აქვს პრობლემები, მაგრამ სხვებს - მასზე არანაკლები. დღეს მთელი პოლიტიკური ელიტა ხელისუფლებიან-ოპოზიციანად სერიოზულ კრიზისშია.

- მაგრამ „ქართული ოცნების“ ეს არგუმენტი საზოგადოებაში ნიჰილიზმს აღრმავებს და, შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, იმუშავოს «ქართული ოცნებს» სასარგებლოდ...

- გეთანხმებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ, მაგრამ როდესაც ალტერნატივა არ არის, რა რჩება ამომრჩეველს? როდესაც შენ სუსტდები, ამით ვიღაცამ უნდა ისარგებლოს, მაგრამ ამ ვითარებაში ვერც სხვა სარგებლობს. ანუ, ჩამოუყალბებელი ამომრჩეველი დღეს აბსოლუტურ გაუგებრობაშია. მას არ უნდა ცუდსა და უარესს შორის არჩევა, მას კარგი არჩევანი უნდა, კარგ არჩევანს კი არავინ სთავაზობს. აი, ეს არის მთავარი პრობლემა.

- შედეგად შესაძლოა, მივიღოთ დაბალი საარჩევნო აქტივობა...

- შესაძლებელია და ეს, ჩემი აზრით, სერიოზული რისკების შემცველი იქნება მომავალი კრიზისების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ან, უკეთეს შემთხვევაში, ამომრჩეველი შესაძლოა, წავიდეს არჩევნებზე, მაგრამ გააკეთოს ნეგატიური არჩევანი, რაც ქვეყნის განვითარებისთვის კარგის მომტანი არ არის. ეს არ იძლევა სწრაფი განვითარების ენერგიას, ჭაობის სუნი ასდის და ეს ცალსახად ცუდია.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს ბიძინა ივანიშვილის პიროვნული რესურსი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ?

- ბიძინა ივანიშვილის, როგორც ძალის ცენტრის მნიშვნელობა, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, სასიცოცხლოდმნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“. განურჩევლად იმისა, ივანიშვილი მოსწონთ თუ არა (სამწუხაროდ, მის მიმართ ნეგატივი ძალიან გაიზარდა), მას, როგორც ძალის ცენტრს, აქვს აღიარება. ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი კი ადამიანს არა პოზიტივის და ნეგატივის, არამედ ძალის გაგებით აფასებს. შესაბამისად, დღეს ბიძინა ივანიშვილზე დგას „ქართული ოცნება“. წარმოვიდგინოთ, ერთ დღეს ამომრჩეველს გაუჩნდეს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის. შემდეგ უჩნდება კითხვა – მერე ვინ არის? და აღმოაჩენს, რომ აღარავინ. „ქართული ოცნება“ საპნის ბუშტივით გასკდება, რადგან იქ არც ერთი რეალური ლიდერი არ ჰყავთ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, ასე ვთქვათ, ნეგატივში გადავიდა, ეს ნეგატივიც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, საარჩევნოდ პოზიტივის მომცემია.

- და დემოკრატიულ პრინციპებთან რამდენად არის თავსებადი? ბიძინა ივანიშვილი თან არის, თან - არა...

- ეს არის მანკიერი წრე, რომელზეც დღეს არ დაგვიწყია ტრიალი. საქართველოს მთელი უახლესი ისტორია სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მაინც ამ წრეზემოძრაობაა. დღევანდელი ვითარება ოდნავ, რაღაც კუთხით უკეთესია წინაზე, მაგრამ შეიცავს სერიოზულ რისკებს: ინსტიტუციური წესრიგის მხრივ ჩვენ გვიჩნდება რეალური პრობლემები; ეფექტური ხელისუფლების პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია. ეს ძალზე პრობლემატურია. სააკაშვილის ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, აგრესიული იყო და დანაშაულებრივიცკი - ძალიან ბევრი კუთხით, არაეფექტურობას ვერ დააბრალებდი. დღეს ხელისუფლება თითქოს ბევრად უფრო ჰუმანურია, მაგრამ აბსოლუტურად არაეფექტური.

- პოლიტიკის დაბალანსების თვალსაზრისით პრეზიდენტს ალბათ, ამ სიტუაციაში განსაკუთრებული როლი ეკისრება...

- რა თქმა უნდა, მას განსაკუთრებული როლი და მისია აქვს. ვნახოთ, ამ ყველაფერს თავს როგორ გაართმევს.

დიანა მუსელიანი

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.